ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

შორენა ბარბაქაძე და ივანე გოდერძიშვილი აშშ-ში 1998 წელს ჩამოვიდნენ. სანამ მათი პირველი შვილი სამყაროს მოევლინებოდა, მათ შენიშნეს, რომ ნიუ-იორკში დაბადებული ან ახლად ჩამოსული პატარები ერთმანეთთან კავშირის გარეშე იზრდებოდნენ. მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან შეხვედრის, გაცნობისა და დამეგობრების საშუალება. პატარა ქართველების ერთმანეთისგან სიშორე საბოლოოდ მათ გაუცხოებას გამოიწვევდა. სწორედ ეს ვითარება გახდა ვანოსა და შორენას გადაწყვეტილების მიზეზი.

როგორ შეიქმნა „ფესვები“

უნდა დაარსებულიყო ქართული კულტურული ცენტრი, სადაც ბავშვები და მოზარდები ქართულ კულტურას შეისწავლიდნენ. თავდაპირველად ახალგაზრდა გოგონებმა დიდი სიხარულით გამოთქვეს ქართული ცეკვის შესწავლის სურვილი. მართლაც, რამდენიმე კვირაში მათ მანჰეტენზე, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამართულ სადღესასწაულო კონცერტზე რამდენიმე ცეკვა შეასრულეს და ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურეს. რაც მთავარია, ეს იდეა ქართველმა მრევლმაც დიდი სიხარულით მიიღო. ყველა, ვისაც პატარა შვილი ჰყავდა ან თავად იყო ახალგაზრდა, მოდიოდა და ცეკვისა და სიმღერის შესწავლის სურვილს გამოთქვამდა. ასე დაიწყო „ფესვების“, როგორც ერთიანი ქართული სათვისტომოს, ჩამოყალიბება.

განვითარება

გადიოდა დრო და თანდათან გამოიკვეთა სივრცე, სადაც ქართველი ბავშვები ერთმანეთს ხვდებოდნენ. შორენას დაუღალავმა და თავდაუზოგავმა შრომამ ნელ-ნელა გამოიღო ნაყოფი. ბავშვებმა ქართულად დაიწყეს საუბარი, დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და, რაც მთავარია, გულში ქართული ცეკვის სიყვარული გაუღვივდათ. ისინი უკვე სხვადასხვა კონცერტში იღებდნენ მონაწილეობას. მაგალითად, როდესაც ნიუ-იორკში გასტროლებით ლეგენდარული ანსამბლი „ივერია“ ჩამოვიდა, პროდიუსერმა სურვილი გამოთქვა, რომ მათ კონცერტზე „ფესვებსაც“ მიეღო მონაწილეობა. ეს ისტორიული დღეც დადგა და ანსამბლი „ფესვები“ სცენაზე დიდ არტისტებთან ერთად წარდგა.

სახელწოდება „ფესვები“

ეს ჩვენი პატარა ქართული კერა, რომელსაც ჯერ სახელიც არ ერქვა და არც საკუთარი ჭერი გააჩნდა, ბევრი ქართველის გაცნობის, დამეგობრებისა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ადგილად იქცა. წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა ალექსანდრე თანდილაშვილი, ხშირად იწვევდა მათ რელიგიური დღესასწაულებისადმი მიძღვნილ კონცერტებზე. შორენამ და ვანომ გადაწყვიტეს, „ფესვები“ ყოფილიყო მათი ანსამბლის სახელი. სახელწოდების შერჩევაში მათ დაეხმარა ამერიკაში ერთადერთი ქართული გაზეთის დამფუძნებელი და რედაქტორი, ბატონი მანუჩარ კაჭახიძე.

ტრადიცია

შეუმჩნევლად გაირბინა რამდენიმე წელიწადმა და ნიუ-იორკში ემიგრანტების რიცხვმაც იმატა. ვანო თუ აქამდე მხოლოდ საცეკვაო მუსიკას ქმნიდა, ახლა სიმღერისა და ხალხური საკრავების გაკვეთილებიც დაემატა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მაისში, მილენიუმის თეატრში ჩატარდა ანსამბლ „ფესვების“ დასკვნითი კონცერტი. ამ წლების განმავლობაში ვაჟებთან მუშაობდნენ შესანიშნავი მოცეკვავეები: გაგა ნაცვლიშვილი, გოგიტა თათულაშვილი, გია მიქელაძე, ალეკო ნადარეიშვილი. 2011 წლიდან ჯურხა ლომთაძე ჩაუდგა ვაჟებს სათავეში.

ანსამბლიდან კულტურის ცენტრამდე

2011 წლიდან ცეკვასა და სიმღერას დაემატა: ქართული წერა-კითხვა, ხალხური გუნდი, ხალხური საკრავები, საბალეტო კლასი, ჭადრაკი, თეატრალური მეტყველება, ხატვა და ვოკალის კლასი. დატვირთული განრიგის გამო შორენამ და ვანომ მიიწვიეს ლევან ნამიჭეიშვილი, რომელიც ბავშვებს ეხმარება საშუალო სკოლის საშინაო დავალებებსა და ინგლისური ენის შესწავლაში. ამრიგად, უკვე 10 წლის სტუდია „ფესვები“ ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც ქართული კულტურის ცენტრი.

პირველი საგასტროლო მოგზაურობა სამშობლოში (2015)

უცხოეთში დაბადებული ქართველი ბავშვების ანსამბლი სრული აკადემიური ხარისხითა და რეპერტუარით ჯერ არასოდეს ჩასულა საქართველოში. „ფესვები“ გახდა პირველი, ვინც ეს მოახერხა. 2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარმა სტიქიურმა ტრაგედიამ მწუხარებით აღავსო საქართველო; „ფესვები“ გაემგზავრა საქართველოში საქველმოქმედო კონცერტისთვის. გრიბოედოვის სახელობის დარბაზში „ფესვები“ შესანიშნავად წარსდგა; კონცერტები გაიმართა ბათუმსა და ქობულეთშიც.

მიუზიკლები

2015 წლის ნოემბერში „ფესვებმა“ საქართველოდან მოიწვია რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი. შეიქმნა მუსიკალური სპექტაკლი „ლეგენდა საქართველოზე“; მუსიკა ქართულ და ინგლისურ ენებზე შექმნა ვანო გოდერძიშვილმა. მოგვიანებით ნიკა საბაშვილმა „ფესვებთან“ ერთად დადგა მიუზიკლი „წუნა და წრუწუნა“, რომელიც ბრუკლინში, მასტერ-თეატრის სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩატარდა.

საიუბილეო კონცერტი და გაფართოება

„ფესვების“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასტერ-თეატრში გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საკონსულოს, ბრუკლინის მერიისა და ეპარქიის წარმომადგენლები. 2019 წელს გაიხსნა „ფესვების“ ახალი ფილიალები — სპრინგვალიში (ნიუ-იორკი) და მარლბოროში (ნიუ-ჯერსი). 2020 წელს, პანდემიის გამო, ცენტრი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაკვეთილები დისტანციურად დაიწყო. 2023 წლის 5 თებერვალს ბრუკლინში, დიდ თეატრში, გაიმართა „ფესვების“ სოლო კონცერტი.